აშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

რა თქვა კობახიძემ ივანიშვილის სანქცირებაზე

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე აქამდეც "დე-ფაქტო სანქციების" ქვეშ იყო. მისი თქმით, სანქციები რეალურად არის ჯილდო "ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის".

"მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის... ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი.

სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს დე-ფაქტო, არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო - ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო, ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა.

პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას.

მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, ასეც და ისეც, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის [...]

[...] საერთოს არ არის საინტერესო [ჯო უილსონის განცხადება]. ჩვენთვის ერთადერთი, რაც არის საინტერესო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე ვმოქმედებდით 3 წლის განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა.

თქვენ იცით, რომ უკრაინაში 𝟚-ჯერ შეცვალეს გარედან ხელისუფლება და იმ ძალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე და პირიქით, ამ წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 10 წლის განმავლობაში,  2013 წლიდან მოყოლებული, უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა. საქართველომ თავი გადაირჩინა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი 14024-ე აღმასრულებელი განკარგულებით დაასანქცირა. ეს განკარგულება აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

კომენტარები