ასპრიაში ნიღბიანების შეჭრა

ეძებდნენ კონკრეტულ პიროვნებას - თვითმხილველი ასპრიაში შეჭრილ ნიღბიანებზე

ასპრიაში ნიღბიანთა შევარდნის ფაქტის თვითმხილველი TV პირველთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ 24 დეკემბერს ფიტნეს დარბაზში შეჭრილმა ადამიანებმა თითქმის მთელი დარბაზი მოიცვეს და ეძებდნენ კონკრეტულ პიროვნებას [TV პირველის ინფორმაციით - გიორგი უბილავას].

"იქ ვიმყოფებოდი და ჩემი თვალით ვნახე ეს ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ ამ რაოდენობით და ზუსტად ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ დაახლოებით ის ციფრი იყო, რომელიც ვრცელდება ტელევიზიებში - საკმაოდ დიდი რაოდენობით იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი დარბაზიც არის და მთელი სივრცე მოიცვეს. 

შემოვიდნენ, ყველას აუკრძალეს ტელეფონით სარგებლობა და გადაღება ამ ფაქტის. [...]

ეძებდნენ კონკრეტულ პიროვნებას, სახელი და გვარი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მერე როგორც გაჟღერდა ერთ-ერთი მათგანია. აი, იქ რომ ყოფილიყო ის ადამიანი, რა ფაქტის წინაშე დავდგებოდით იმიტომ, რომ მუქარა იყო ამ ადამიანის მიმართულებით და ალბათ იქ რომ ყოფილიყო ის ადამიანი, რას უზამდნენ, მე არ ვიცი. [...]

ნიღბებით, აი, საერთოდ შავებში ჩაცმულები, ნიღბიანი ადამიანები.. ჩვენ გვიკრძალავენ ნიღბების გამოყენებას და... ძირითადი მასის სახეზე იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო". - ამბობს თვითმხილველი.

TV პირველის ცნობით,  გუშინ 24 დეკემბერს, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზ ასპრიაში ნიღბიანი პირები შეცვივდნენ.

"დაახლოებით 100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულ პირს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა.   მოქალაქეებს, ვინც ამ ფაქტის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა, ფიზიკურად უსწორდებიან" - წერდა TV პირველი.

ასპრია ფიტნესში უარყოფენ TV პირველის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ თანამშრომლობენ ჟურნალისტთან და ამტკიცებენ, რომ შენობაში დამონტაჟებული ყველა კამერა დაზიანებულია. თვითმხილველები კი ფაქტებს ადასტურებენ.

ასევ, ტაბულას ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ დინამოსთან, სადაც ასპრიას ფილიალია განთავსებული, მართლაც ნახა შავებში პირები, რომელთა შორისაც, მისი თქმით, ნამდვილად იყო "ხარება". თუმცა, თვითმხილველს არ დაუნახავს ასპრიაში სპეცრაზმის შესვლა.

კომენტარები