"გამოვა ყლორტი იესეს ძირკვიდან და ნორჩი ამონაყარი მისი ფესვებიდან" (ეს 11,1-10). ეს ბიბლიური სიტყვები გაისმის ხოლმე შობის დღესასწაულზე და იმედით გვავსებს, ერთი შეხედვით, დაბერებული სამყაროს წინაშე. შესაძლოა, კუნძიც და ყვავილიც მკვდარი გეჩვენოს, მაგრამ იმ წუთას, როდესაც შეხედავ ყლორტს, მიხვდები, რომ სიცოცხლეს უმარჯვია. შობა, იესოა ნაწინასწარმეტყველევი და ჩვენთვის დაბადებული კვირტი!
საშობაო ძახილი წლევანდელი მსოფლიოსა და ჩვენი საქართველოსთვისაც ესაა - არსებობს იმედი, მიუხედავად იმისა, რასაც ვხედავთ და განვიცდით. ამდენი ტანჯვა და მზარდი კონფლიქტები, ძალმომრეობა, უსამართლობანი გარს გვახვევია და იწვევს დიდ ტკივილს, მძულვარებასა და იმედგაცრუებას. ისინი თითქმის ყოველთვის გამოწვეულია ადამიანური თავკერძობით, ძალაუფლებისა და სიმდიდრის უსამართლო ამბიციებით (...). წარსულისგან ვერაფერი გვისწავლია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობთ ისტორიის გაკვეთილებს. ვუფიქრდებით კი ამას?! თითქოს არ იყოს საკმარისი ყოველდღიური სირთულეები, ჩვენ ვდგავართ წარმოუდგენელი და დაუჯერებელი მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე!
ამ კონტექსტში რთულია, ძალზე რთულია იმედზე ლაპარაკი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მრავალი სახე, რომელთაც ქუჩაში ვხვდები, ჩამქრალი, იმედგაცრუებული, ცარიელი, უიმედოა.
არადა იმედი არსებობს. შობის თქმა ნიშნავს იმედის თქმას, აქ და მსოფლიოს ყოველ კუთხეში! შობის თქმა ნიშნავს, გწამდეს ის ყლორტი, რომელიც იბადება.
ეს იმედი როდი ეყრდნობა იმ გაერთიანებებსა და შეთანხმებებს, ადამიანები რომ ამყარებენ ერთმანეთთან და რომლებსაც ასე იოლად თელავენ ამბიციების გამო. ლაპარაკია იმ დიდ კავშირზე, რომლის დადებაც გადაწყვიტა ღმერთმა კაცობრიობასთან. ეს ყველაზე ხელსაყრელი შეთანხმებაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან თავად ღმერთი იღებს ვალდებულებას - რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა დაგვემართოს - შეგვეწიოს, დაგვიცვას, მოგვცეს ძალა და სიცოცხლე სამყაროს თუ მასში შემავალ ყოველ ადამიანს, იგი ამას აკეთებს საკუთარი განხორციელებით, როცა ხდება ადამიანად ჩვილ იესოში, იბადება ბაგაში და ამგვარად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას, იყოს უპოვარი უპოვართა და უძლურთა შორის, რომლებიც არიან მისი რჩეულები. განხორციელებით იესო ხდება ადამიანი და კაცობრიობა, ყოველი კაცი თუ ქალი, მოყვანილია მისი სიყვარულის შუაგულში. აი, რას ემყარება ჩემი იმედი!
თუმცა ამ ყლორტში უნდა ამოვიცნოთ სხვა მრავალი მცირე ყლორტი, ჩვენს შორის რომ აღმოცენდება მაშინ, როდესაც მავანი დაიხრება სხვის სატანჯველისაკენ, როდესაც მავანი იბრძვის სიმართლისა და სამართლისათვის, საკუთარ ანგარებაზე უარის თქმით, როდესაც მავანი ხდება მშვიდობის მაშენებელი თავის სამუშაო ადგილზე, როდესაც მავანი მიდის პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარად გამოადგეს საზოგადოებას, როდესაც მავანი დგება სიმართლის დასაცავად, როდესაც დედა ირწმუნებს, რომ მასში ჩასახული სიცოცხლე წმიდაა და საღვთო, როდესაც... როდესაც... აი, ის ათასობით მცირე ყლორტი, რომლებიც იმ ყლორტში არის ჩანერგილი, ან ასახული. აი, იმედის ყლორტები! ისინი ბევრს არ ხმაურობენ, თუმცა ცოცხლებია და მათ აქვთ მომავალი! აი, შობა!
გილოცავთ შობას!!! შენც შეგიძლია იყო იმედის ყლორტი!





