საპროტესტო აქციები

შსს: სიცრუეა, რომ აქციებზე დაკავებულებს უკანონოდ ჩამოვართვით პირადი ნივთები

საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 28 ნოემბერი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, "სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება".

მათ შორის, დაკავებულებისთვის პირადი ნივთების წართმევის ფაქტებზე შსს ირწმუნება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირებს გათავისუფლების შემდეგ ნივთები დაუბრუნდათ.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა. 

პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება" - ნათქვამია განცხადებაში.

არაერთი მოქალაქე, მათ შორის მედიის წარმომადგენელი წერდა, რომ აქციების დარბევისას და დაკავებისას პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები წაართვეს. 

შსს-ს განცხადებას პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი გამოეხმაურა და აქციების განმავლობაში მათი ჟურნალისტებისთვის წართმეულ ნივთების ჩამონათვალი გაავრცელა. მისი თქმით, მთლიანობაში ამ ნივთების ღირებულება 20 000 ლარს აღემატება და ისინი შსს-ს რედაქციისთვის არ დაუბრუნებია.

კომენტარები