ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ქართული ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს – ჰელსინკის კომისია

აშშ-ს ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქართულ ოცნებას საქართველო ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს.

ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.

"ქართული ოცნება ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან აგრესორთა ღერძისკენ მიათრევს, რომლებსაც დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა სურთ. 

ქართველი ხალხის მხრიდან მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართული ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს". - წერია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია ქართულ ოცნებასა და ირანსა და ჩინეთს შორის ბოლო დროს დაახლოებულ ურთიერთობაზე მიუთითებს. კომისია ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წლის ივლისში პრემიერი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო და, ამასთან, აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

"ივნისში, საქართველოს პრემიერი კობახიძე  ირანის პრეზიდენტის ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი ქართული ოცნება ცდილობდა, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ბმები გაეძლიერებინა. თავის მხრივ, ცნობები მიუთითებს, რომ ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ქართული ოცნების კამპანიას დახმარება გაუწიეს და ანტიდასავლური ნარატივები გაავრცელეს.

აგვისტოში, ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ჩინური კონსორციუმი ჩინეთის ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში ანაკლიაში ამჟამად მასიურ ღრმაწყლოვან საზღვაო პორტს აშენებს". - წერს ჰელსინკის კომისია. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მმართველი პარტია საქართველოს გადააქცევს "ძალაუფლების დემონსტრირებისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად" არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ირანისთვისა და ჩინეთისთვისაც.

"თუ ქართული ოცნება ძალაუფლებას ხელში წარმატებით ჩაიგდებს, პარტია საქართველოს ძალაუფლების დემონსტრირებისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად გადააქცევს არა მხოლოდ თავისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ასევე ჩინეთისთვისა და ირანისთვის, რომლებთანაც ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ახლოსაა". - წერს ჰელსინკის კომისია.

კომენტარები