ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, უფრო ღრმა კრიზისამდე არ მოგვიწევს ლოდინი, რომ ევროპამ იმოქმედოს

ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველები არ შეწყვეტენ [ბრძოლას] მანამ, სანამ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები [არ ჩატარდება], ვინაიდან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. 

ეს თქვენც გეხებათ. ეს ევროპას ეხება. 

პირველ რიგში, ეს ევროპის სანდოობას ეხება. ევროპა ვერ შეძლებს, ნება დართოს ქვეყანას, რომელმაც ახლახან მიიღო [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი, გადათელოს ყოველი დემოკრატიული წესი და ნორმა მას შემდეგ, რაც [ქვეყანამ] უარყო და უგულებელყო ევროკავშირის 12 და 9 რეკომენდაციიდან ყველა. [ევროპას] არ შეუძლია, მისი მთავარი პრინციპების შეურაცხყოფა [აიტანოს]. 

შემდეგ, ეს ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, იქნება დასავლეთისა და ევროპის საყრდენი რეგიონში; ის, რომელზეც რუსეთი კონტროლის მოპოვებას ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს მისი იმპერიული დროის გენერლების სიტყვები, რომ "ვისაც თბილისი უკავია, უკავია კავკასია". ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა. 

თუ საქართველო რუსეთის კონტროლქვეშ მოქცევა, და კიდევ ერთხელ, მე ვსაუბრობ არა სამხედრო ჩარევაზე, არამედ საარჩევნო და კონსტიტუციურ ჩარევაზე, რისკები მაღალი იქნება. ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ეს ეხება ყველაფერს, რაც უკავშირდება ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის კავშირს. 

ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველო, საქართველოს დემოკრატია ან საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. და საქართველო ნაწილია იმ გლობალური ომისა, რომელსაც რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო სირიაში, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ დაიპყრო უკრაინა, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც [რუსეთმა] წააგო, და მე ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთხელ წააგებს მალე, რუმინეთში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? ეს, რა თქმა უნდა, შეკითხვებია თქვენ მიმართ, რადგან ის გამოცდა, რომელსაც რუსეთი ჩვენ ახლა გვიწყობს, გაცილებით ნაკლებად [მტკივნეული] ფორმაა ინტერვენციისა, რომელიც იყენებს მოკავშირეებს ქვეყნის შიგნით, რომელიც იყენებს ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ინსტრუმენტებს - არჩევნებს, და არჩევნების გზით, გვიწესებს საკუთარ კანონებსა და სიძლიერეს. და თუ ჩვენ გულახდილები ვართ, ევროპა ამას ჯერჯერობით [საკმარის ყურადღებას არ აქცევს]. ევროპამ ჯერ კიდევ უნდა მიაღწიოს გამოწვევის ნახევრის [გადაჭრას]. 

საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა პირველი ნაბიჯი იყო, თუმცა მეტი შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს. მე დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რადგან ეს თქვენი თავისუფალი გადაწყვეტილებაა, თუმცა თქვენ ყველამ იცით, სად იბრძვიან ქართველები დღედაღამ. ევროპა ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. 

სანამ თბილისში ევროკავშირის დროშებს კრძალავენ, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მკაცრ ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისამდე არ მოგვიწევს ლოდინი, რომ ევროპამ იმოქმედოს. როგორ შეუძლია ევროპას დახმარება? პირველ რიგში - პოლიტიკური მხარდაჭერით. 

მიმართა ევროპარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები