უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს რომ ლიტვის მხრიდან დასანქიცრების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
თადუმაძე და ოცნების გარემოცვის 16 წევრი ლიტვამ 15 დეკემბერს დაასანქცირა.
თადუმაძე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილი სწერს და ითხოვს, სამინისტრომ ლიტვის ელჩი მოიწვიოს და უზრუნველყოს შეხვედრაზე თადუმაძის დასწრებაც. სანქცირებული მოსამართლე ითხოვს ოფიციალურ განმარტებებს, რატომ მოიხსენია ლიტვამ, როგორც "ქართველი პოლიტიკოსი". წერილის ასლს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
"მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი.
ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 ათასამდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. ორივე საქმესთან მიმართებით (გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.
ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები", - წერია თადუმაძის მიერ მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში.
2 დეკემბერს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირებს. 15 დეკემბერს კი ლიტვამ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების დამატებით 16 პოლიტიკოსი დაასანქცირა.





