ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლიტვა და ესტონეთი უცხო ქვეყნის კარნახით მოქმედებენ – ივანიშვილის მთავრობა

ქართული ოცნება

ქართული ოცნება, ლიტვისა და ესტონეთის მიერ ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების საპასუხოდ, განცხადებას აქვეყნებს, სადად ნათქვამია, რომ "ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ".

განცხადებაში საუბარია, რომ "საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა" აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომებზე დაუპირისპიროს, თუმცა, "ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო", ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!" - წერია განცხადებაში.

გუშინ, 15 დეკემებერს ესტონეთმა ქართული ოცნების რეჟიმის დამატებით 14 პირს დაუწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქცირებულთა შორის არის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

"ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერმინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობა არის კრიმინალური და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და მოქმედებისკენ" – წერს ცაჰკნა X-ზე.

ესტონეთის შემდეგ, ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ლიტვამაც გააფართოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, სანქციები ივანიშვილის დამატებით 17 პოლიტიკოსს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს დაუწესდა. 

"ლიტვა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და მათ ევროპული ოცნებას. ესტონეთთან კოორდინირებით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებულ ქართველი პოლიტიკოსების სია და დავუმატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობასა და ჩაგვრას. დროა ერთობლივად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის" – წერს ბუდრისი X-ზე.

საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

კომენტარები