ესტონეთმა ქართული ოცნების რეჟიმის დამატებით 14 პირს დაუწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქცირებულთა შორის არის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
"ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერმინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობა არის კრიმინალური და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და მოქმედებისკენ" – წერს ცაჰკნა X-ზე.
მანამდე, 2 დეკემბერს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირებს.
"ბალტიის სამი ქვეყანა ერთად შეთანხმდა, ეროვნული სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს. დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით" - წერდნენ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.