მოლდოვა

მოლდოვაში რუსული გაზის მოსალოდნელი შეწყვეტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების მოსალოდნელი შეწყვეტის საპასუხოდ, მოლდოვის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, ვინაიდან უკრაინა შემდეგი თვისთვის რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებისთვის ემზადება. 

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს, 60 დღის ვადით შევა, მოლდოვის მთავრობას მიანიჭებს უფლებამოსილებას, ჰუმანიტარული კრიზისის შესამცირებლად დააწესოს ელექტროენერგიის შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით და შეზღუდოს ენერგიის ექსპორტი. 

მოლდოვის პარლამენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ 31 დეკემბრიდან ევროპისა და მათ შორის მოლდოვის მასშტაბით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტს შეწყვეტს.

მოლდოვის მთავრობას აქამდეც უმუშავია რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამას 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოლდოვა ევროპელ მიმწოდებლებთან თანამშრომლობით ახერხებდა. თუმცა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი რუსული გაზის მიღებას შედარებით დაბალ ფიქსირებულ ფასად აგრძელებს. 

თავის მხრივ, დნესტრისპირეთმა ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. 

ცნობისთვის, ელექტროენერგიის შეზღუდვები დაწესდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ოქტომბერში რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა TACC ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ კომპანია Черноморэнерго-ს აღმასრულებელ დირექტორზე, თემურ ჯინჯოლიაზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბრის დასაწყისიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად 4-4 საათით შეიზღუდებოდა. 

10 დეკემბერს კი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ ენერგომომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავდა. 

კომენტარები