პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილისა და ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო.
პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა.
"რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ [შეხვედრა] ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!" - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას აზიარებს:
"დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში", - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე.
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ერთმანეთს 9 დეკემბერს შეხვდნენ.