ასადის რეჟიმის დამხობა

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სირიის საზღვართან ბუფერული ზონა დროებითია

ისრაელის საჰაერო ძალების  5101-ე დანაყოფი, იგივე შალდაგის სპეციალური დანიშნულების რაზმი სირიაში, ჰერმონის მთაზე, 2024 წლის 8 დეკემბერი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ სირიის საზღვართან შექმნილი ბუფერული ზონა დროებითი და თავდაცვითია. ისრაელმა საზღვრის მიმდებარე სირიულ ტერიტორიაზე სამხედროები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ განალაგა.

ისრაელი უკვე აკონტროლებდა სირიის ტერიტორიის ნაწილს, გოლანის მაღლობის მიდამოებს.

IDF-ის ცნობით, სამხედროები განლაგებული არიან სტრატეგიულ პოზიციებზე, რათა ამ ტერიტორიაზე არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული პირები არ შემოვიდნენ. მათივე თქმით, ბუფერული ზონა საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს თავს არავინ დაესხმეbა და აქ ძალებს მანამ დატოვებენ, სანამ სიტუაცია არ გაცხადდება.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ისრაელის ძალებმა დაიკავეს ჰერმონის მთის სირიული ნაწილი და დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაცია გოლანის მაღლობზე.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები