ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს: ნიღბების აკრძალვა აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას, მივესალმებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება ქართული ოცნების ინიციატივას, შეკრება მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ათ დღეზე მეტია, აქციის მონაწილეები "მიზანმიმართულად ანადგურებენ" რუსთაველის გამზირზე განთავსებულ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. მისი მტკიცებით, დემონსტრანტებმა გარე კაფე-ბარების ინფრასტრუქტურა "სრულად გაანადგურეს", ასევე, "დაარბიეს" რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები.

"28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მდებარე სვაროვსკის მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები, ასევე დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან" - ამბობს მინისტრის მოადგილე და ირწმუნება, რომ "კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება".

დარახველიძის განცხადებითვე, "აქციის მოძალადე ჯგუფები აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, რკინისა და ხის ხელკეტებს, კასტეტებს, ე.წ. შურდულებს". შსს-ს მტკიცებით, დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი.

"ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ. აღნიშნული ცალსახად შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ წინასწარ მომზადებას და სწავლებას, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაიარეს.

დასკვნის საფუძველს გვაძლევს ასევე წინა წლების პრაქტიკა, როდესაც მოძალადე ჯგუფების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ვერ მოხერხდა შენიღბული მოძალადე ჯგუფების ამოცნობის შეუძლებლობის გამო.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა და დასჯა, რაც საბოლოო ჯამში შეკრება მანიფესტაციების დროს დანაშაულის პრევენციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრემიერმინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვა, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედ პრაქტიკას წარმოადგენს.

მაგალითისათვის, გერმანიაში 1985 წლიდან მოქმედებს მსგავსი კანონი. ასევე, აქციის ფარგლებში ნიღბების აკრძალვის კანონი მოქმედებს ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში. ასევე, არაერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს, დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა" - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

7 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს ივანიშვილის ტიტუშკები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს სხეულისა და სახის დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.

"მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით." - ამბობს ჩიხლაძე. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ტიტუშკებმა წაიღეს აპარატურაც. ჩიხლაძე და შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ივანიშვილის ნიღბიანი ტიტუშკები შევარდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში და სცემეს რამდენიმე ადამიანს, მათ შორის კობა ხაბაზს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პირადად იქნება ინიციატორი, ნიღბებით ქუჩებში გადაადგილება და აქციებზე თანამონაწილეობა აიკრძალოს.

"ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით, ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა... ნიღბით ასე სიარული უნდა იყოს აკრძალული, ეს არის ჩემი აზრი... 

მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით გუშინ, რაღაცა კადრს ვუყურებდით და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა, დაახლოებით ვიცი. ახლა მოვიდა ის მომენტი, ძალიან ცუდი დამთხვევაა, რომ მართლა თუ ასე ლაპარაკის დონეზე გვქონდა... დარწმუნებული ვარ, მხარს დამიჭერენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები" - თქვა მდინარაძემ.

8 დეკემბრის ბრიფინგზე კი, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ქართული ოცნება მიიღებს კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე "სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა".

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას ძალადობის წარმართვის დროს.

ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება.

ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები