ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თუ ქართველ ხალხს არ მოსწონს, მხარს არ დაგვიჭერდნენ არჩევნებზე - წილოსანი რუსულ კანონებზე

"გვაქვს მოლოდინი და თავადაც განაცხადეს. რომ ვიზალიბერალიზაციის თემას გარკვეული მუქარის თუ დაშანტაჟების საფუძვლად გამოიყენებენ" - ამბობს ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა საბჭოს 16 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.

ევროპულმა კომისიამ ევროპულ საბჭოსა და პარლამენტს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხზე რიგით მე-7 ანგარიში უკვე წარუდგინა. ანგარიშში მოცემულია ევროკომისიის ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირმა ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ შეაჩეროს. მათ შორისაა, რუსული კანონების გაუქმება.

ნინო წილოსანის თქმით კი, "გამჭვირვალობის კანონი, ისევე როგორც ოჯახური ღირებულებების კანონი, ეს არის პრინციპები, რასაც მხარი დაუჭირა ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის 54%-მა, ეს არის პრინციპული მნიშვნელობის". 

"16 დეკემბერს ფაქტიურად რაღაც საკვანძო მომენტია, სადაც ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენონ, მათ შორის, აქციების ესკალაციასაც არ მოერიდებიან...  ჩვენ, ჩვენი ამომრჩევლებით და ამ საზოგადოების ნამდვილად პასუხისმგებლიანი წევრებით უნდა შევეცადოთ, რომ ვანახოთ - ამ ქვეყანაში მაიდანი არ მოხდება...

...მინდა, ჩვენი ამომრჩევლის ინტერესები დავიცვა, ვინც ხმა მისცე პრინციპს - ღირსებით ევროპისკენ. ამ ქვეყნის უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ოჯახური ღირებულებები უპირატესია, ვიდრე ლგბტ პროპაგანდა... 

...ხელისუფლება რასაც აპირებს, მკაფიოა - ჩვენ ამომრჩეველმა სწორედ ამ პირობებით დაგვიჭირა მხარი, ჩვენ არ მოგვიტყუებია არც ჩვენი ამომრჩეველი და არც მთლიანად საზოგადოება. სწორედაც რომ წინასაარჩევნოდ გავაკეთეთ ამ კანონების ინიცირება და მიღება და თუ ქართველს ხალხს არ მოსწონს ან არ სურდა ამ კანონების პრინციპზე ემუშავა, ისინი საწინააღმდეგო არჩევანს გააკეთებდნენ. ამიტომ, რას გააკეთებს ქართული ოცნება, არის უკვე თვალნათელი. ჩვენ გავაკეთებთ და შევასრულებთ ხალხის დაკვეთას, რომელიც ძალიან მკაფიო იყო არჩევნების დროს" - ამბობს ნინო წილოსანი TV იმედის ეთერში.

EU-ს წევრი ქვეყნები 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებას. 

კომენტარები