საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, "აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების" ფაქტებზე უწყებამ ორი პირი - 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და 1997 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ს.კ. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით, სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი". - წერია განცხადებაში
დაკავებულთა შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
პრემიერმინისტრის განცხადებას მოქალაქეების თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს.
ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს არაერთხელ გაუსწორდნენ სასტიკად - იყო შემთხვევები, როცა ისინი მოქალაქეებს დაშლის ნაცვლად კუთხეში იმწყვევდნენ.
დაკავებულია ასეულობით ადამიანი, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობს.