ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: ხიდაშელმა და ჯანელიძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

"მიმდინარე მოვლენებთან, ჩვენ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები, საჯარო დისკუსია იყო დაგეგმილი. თუმცა, თინა ხიდაშელმაც და პაპუნა ჯანელიძემაც მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ეს ორი ადამიანი ორი საშუალო არითმეტიკული ნაციონალია. შესაბამისად, ჩვენი დისკუსია საზოგადოებას განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას მისცემდა. საჯარო დისკუსიაზე მათი უარი ერთადერთ რამეს ნიშნავს - რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა და ამის გამო, მათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის ეშინიათ [...]

თქვენ ხედავდით, რომ ამ 2 ადამიანზე ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი იყო. თუმცა, მე მგონია, რომ ეს ბულინგიც აშკარად დალაგებული იყო. აშკარად, ისინი თავადაც თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. რეალურად, მათ დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა იმ გათვლით განაცხადეს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატზე თქვეს უარი - დისკუსიისთვის, დაახლოებით, 12 კაცამდე შევთავაზეთ. შემდეგ, მათ მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე თქვეს უარი. მუდმივად ეძებდნენ საბაბს იმისთვის, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბოლოს არაფერი დავუტოვეთ, მათ ყველა შეთავაზებას დავანხმდით. დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. თუმცა, როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც უარი თქვეს". - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, საჯარო დისკუსია შესთავაზა. თავდაპირველად, მასში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს თინა ხიდაშელმა და მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ. დებატები დღეს, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა გამართულიყო.

კომენტარები