აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი გმობენ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას, რომელმაც 28 ნოემბერს შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქალაქში აქციებზე გამოსულ მომიტინგეებს. განცხადებას ამჟამად 215 ხელმოწერა აქვს.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
"ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მივიჩნევთ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში.
შესაბამისად, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას.
მივიჩნევთ რა, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს"





