სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "დესტრუქციულ ქმედებებს" მიმდინარე საქმის ფარგლებში განიხილავენ, რაც "ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას" გულისხმობს.
"ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რის შესახებაც წინმსწრებად არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას.
ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე, ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.
მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით" - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივლისში დაიწყო გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით" - წერდა სუს-ი 24 ივლისს.
გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ომის ვეტერანები გამოკითხვაზე დაიბარა, მათ შორის, ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია.