შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური 19 ნოემბერს, თსუ-სთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, მთავარი არხის ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.
"რაც შეეხება ოპერატორის დაკავებას. ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ამაზე საქმე მიმდინარეობს, სასამართლოშიც გადავა. იყო, რომ თითქოს, არასწორად დააკავეს, შემთხვევით დააკავეს - ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ და ზუსტად ვერ გეტყვით, ის სწორად დააკავეს თუ არასწორად.
შეხლა-შემოხლა იყო, კადრებშიც კარგად ჩანს, სადაც პოლიციელებს ჯოხს ურტყამდნენ და ეს ადამიანიც ზუსტად იქ იდგა. მე არ ვამბობ, რომ ჯოხს ეს პიროვნება ურტყამდა, ამას არ ვიძახი. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით, შეცდომა იყო თუ არა.
გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმაც დაიწყო და დაველოდოთ. თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა, რომელმაც არაფერი დააშავა, არცერთს თმის ღერი არ ჩამოუვარდება. ხოლო თუ დავაშავეთ, ჩვენ ამაზე პასუხს ღირსეულად ვაგებთ". - თქვა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
აქციაზე დაკავებული მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე იმავე დღეს, 19 ნოემბერს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.





