ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 26 ნოემბერს შეუშვებენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ყვითელი დონე "მის გაუქმებამდე" იმოქმედებს.
"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - წერია განცხადებაში.
ონლაინ მედის მიმართ შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პირველად 15 აპრილს ამოქმედდა. გაზაფხულზე ინტერნეტ გამოცემებს პარლამენტში არც რუსული კანონის განხილვის გაშუქების საშუალება მიეცათ და არც ე.წ ოფშორების კანონის.





