ბელარუსი

ბელარუსში 35 წიგნი აკრძალეს, მათ შორის ერთი მანგა

22 ნოემბერს ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ბეჭდური პუბლიკაციების სია, რომლებიც, ხელისუფლების თქმით, "ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებენ". სიაში შედის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, სამეცნიერო, ისტორიული, სასიყვარულო, იაპონური კომიქსები და ლგბტქ+ თემატიკის 35 წიგნი, რომელთა გავრცელებაც ბელარუსში სრულად აიკრძალა.

აკრძალული წიგნების სიაში შევიდა მარკიზ დე სადის სოდომის 120 დღე, ელენა მალისოვასა და კატერინა სილვანოვას რომანი ზაფხული პიონერულ ჰალსტუხში და მისი გაგრძელება რაზე დუმს მერცხალი. სიაში ასევე შევიდა ცნობილი მანგის, Tokyo Ghoul-ის სამი ნაწილი.

"მავნებლური" წიგნების ჩამონათვალში მოხვდა ასევე ბელარუსის ისტორიის სამი წიგნი, მათ შორის, ვადიმ დერუჟინსკის ბელარუსის ისტორიის საიდუმლოები. დერუჟისნკის ერთ-ერთი წიგნი დავიწყებული ბელარუსი კი "ექსტრემისტული მასალების" სიაშია შესული. 

ისტორიული წიგნების ჩამონათვალში ასევე მოხვდა ეთნოგრაფების ნატალია სერეგინასა და ნადეჟდა ადამოვიჩის წიგნი ინტიმური რუსეთი. წიგნში აღწერილია როგორ ცხოვრობდნენ და უყვარდათ ერთმანეთი მთავრებისა და სამეფო ოჯახების წევრებს და რა სიტუაცია იყო ამ მხრივ გლეხების, მონებისა და რიგითი ქალაქელების ოჯახებში.

გარდა ამისა, სიაში ასევე შეიყვანეს მედინა მირაის სამი წიგნი და ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ზომბერგის წიგნი როგორია იყო მირანდა. როგორ გავხდი ჩემი თავი სქესის შეცვლის შემდეგ.

Медиазона Беларус-ის ინფორმაციით, "გამომცემლობის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლებიც ასეთი სიის არსებობის საშუალებას იძლევა, 2023 წლის ზაფხულში მიიღეს. სიის პირველი ვერსია წლინახევრის შემდეგ, 22 ნოემბერს გახდა ხელმისაწვდომი.

ამჟამად სამოქალაქო პირები წიგნების სახლში უბრალო შენახვისთვის არ ისჯებიან, თუმცა, ბეჭდურ გამოცემებს მოუწევთ მათი სრული ამოღება - თუკი ინფორმაციის სამინისტრო აღმოუჩენს მაღაზიას წიგნებს ახალი სიიდან, გამყიდველი დაკარგავს ბეჭდური პუბლიკაციების დისტრიბუტორის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობას.

კომენტარები