ირანის ბირთვული პროგრამა

მედია: ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გამართავს

24 ნოემბერს იაპონურმა საინფორმაციო სააგენტომ, Kyodo-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ სამ ევროპულ ძალასთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ჟენევაში მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. 

წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებები დაემთხვევა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას. ტრამპმა საკუთარ პირველ ვადაში, 2018 წელს ე.წ. "ირანის ბირთვული შეთანხმება" დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. შეთანხმება გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის მნიშნველოვან შეზღუდვას, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით ის ამ ვალდებულებებს არღვევდა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან ბირთვული შეთანხმების განახლებას მხარს უჭერდა. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანქციების მოხსნა განიხილებოდა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ირანმა ბირთვული პროგრამის ფარგლებში ურანის გამდიდრება გააგრძელა.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, სექტემბერში თქვა, რომ თუ ის გაიმარჯვებდა აუცილებლად მიაღწევდა ახალ ბირთვულ შეთანხმებას ირანთან.

კომენტარები