აშშ-ს კონგრესში ფლორიდის შტატის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეტ გეიცმა, ჩარლი კირკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ წელს კონგრესში დაბრუნებას არ აპირებს.
"მე კვლავ ვაპირებ ბრძოლაში ყოფნას, მაგრამ ეს სხვა პოზიციიდან მოხდება. არ ვაპირებ, 119-ე მოწვევის კონგრესს შევუერთდე". - თქვა მან.
გეიცმა ტრამპის ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობისთვის საკუთარი კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ცხადი გახდა, რომ თანამდებობაზე მის დამტკიცებას აშშ-ს სენატში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეხვდებოდა. გეიცის თქმით, მისი კანდიდატურა "უსამართლოდ იქცა ხელისშემშლელ ფაქტორად".
"იმის მიუხედავად, რომ ინერცია ძლიერი იყო, აშკარაა, რომ ჩემი დამტკიცება უსამართლოდ იქცა ტრამპისა და ვენსის ძალაუფლების გადაცემის პროცესის მნიშვნელოვანი მუშაობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად". - დაწერა გეიცმა X-ზე თანამდებობაზე უარის თქმის შემდეგ.
გეიცის განცხადების შემდეგ, ტრამპმა მის ნაცვლად იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ფლორიდის ყოფილი გენერალური პროკურორი პემ ბონდი დაასახელა.
"მან ცხოვრება საქმეების წარმოებაში გაატარა. მას, წინა კანდიდატისგან განსხვავებით, რეზიუმე აქვს". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე თანამდებობაზე პემ ბონდის შერჩევის შემდეგ. იუსტიციის მინისტრობისთვის ტრამპის ახალი არჩევანი გეიცმაც მოიწონა.
რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ
ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე 14 ნოემბერს განაცხადა, რომ კონგრესმენ მეტ გეიცს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავდა.
ტრამპის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გეიცმა წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობის დატოვების შესახებ გაავრცელა ცნობა, რაც პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, "მოქმედებაში დაუყოვნებლივ შევიდა".
"ეს ჩვენთვის ოდნავ მოულოდნელი იყო". - განაცხადა ჯონსონმა გეიცის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მეტ გეიცმა თანამდებობა დატოვა, რათა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მცირე უმრავლესობის ფონზე, მისი შემცვლელის დასახელების პროცესი სწრაფად წარიმართოს.
აშშ-ს კონსტიტუციის მიხედვით, თუკი წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენი მანდატზე უარს იტყვის, მისი ადგილის შესავსებად სპეციალური არჩევნები დაინიშნება, რომლის თარიღსაც შტატების გუბერნატორები წყვეტენ. სპეციალური არჩევნების ჩატარებას შესაძლოა, კვირები ან თვეები დასჭირდეს. თუმცა, გეიცმა გადადგომით კონგრესის 118-ე მოწვევის მანდატზე თქვა უარი, შესაბამისად, იგი 119-ე მოწვევის კონგრესში შესვლას, რომ ნდომებოდა, უპრობლემოდ შეძლებდა.
სანამ გეიცი კონგრესმენის პოსტს დატოვებდა, წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი იძიებდა ბრალდებებს, რომ გეიცი, სავარაუდოდ, იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც 17 წლის გოგოს სექს-ტრეფიკინგი მოჰყვა, თუმცა მისმა გადადგომამ გამოძიების დასრულება გამოიწვია.
კონგრესში გეიცი უკრაინისადმი აშშ-ს დახმარების გაგზავნის ცნობილი მოწინააღმდეგე იყო. 2022 წლის აპრილში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის პროგრამა მიიღო 417 მხარდამჭერით 10-ის წინააღმდეგ, გეიცი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო.
ამასთანავე, 2023 წელს მეტ გეიცმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინდელი სპიკერის კევინ მაკკარტის თანამდებობიდან ჩამოშორებაში, რამაც პალატაში კვირების განმავლობაში ქაოსური ვითარება გამოიწვია.





