ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

"ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში გავლენა არ ექნება" – ორბანმა ნეთანიაჰუ ქვეყანაში მიიწვია

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 22 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გამოსცა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველა ICC-ის წევრიცაა, რაც ნიშნავს, რომ მათ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი დაკავების ორდერის აღსრულება ევალებათ.

გადაწყვეტილების შემდეგ, ორბანმა ნეთანიაჰუს გარანტია მისცა, რომ უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება "უსირცხვილო, ცინიკური და სრულად მიუღებელია".

"დღეს მე ისრაელის პრემიერმინისტრს, ბატონ ნეთანიაჰუს, უნგრეთში ვიზიტისთვის მოვიწვევ და ამ მოწვევით მას გარანტიას მივცემ, რომ თუკი ჩამოვა, ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში გავლენა არ ექნება". - თქვა ორბანმა.


21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".

"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.

კომენტარები