ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

"აღმაშფოთებელია" – ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდენის გაცემას.  

ბაიდენი გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელს" უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით.

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. მინდა კიდევ ერთხელ გარკვევით ვთქვა: რა მინიშნებაც არ უნდა გააკეთოს ICC-მ, არანაირი ტოლობა არ არსებობს ისრაელსა და ჰამასს შორის" – წერია ბაიდენის განცხადებაში.

21 ნოემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა

"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.

მიმდინარე წლის 20 მაისს, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანთის და ჰამასის ლიდერების, იაჰია სინვარის, მოჰამედ დეიფისა და ისმაელ ჰანიეს დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.

ნეთანიაჰუმ და ისრაელის სხვა ლიდერებმა კი კარიმ ხანის მიერ დაკავების ორდერების გამოცემის მოთხოვნას სამარცხვინო და ანტისემიტური უწოდეს. მისი მოთხოვნა გააკრიტიკეს ჰამასის ლიდერებმაც.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის "ჩარევას" ისრაელთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის უფლებას.

კომენტარები