რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მედია: უკრაინამ ბრიტანული Storm Shadow რაკეტები პირველად გამოიყენა რუსეთის ტერიტორიაზე

Storm Shadow
Ben Stansall/AFP via Getty Images

მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით. 

როგორც ამას გამოცემა Bloomberg-ს ანონიმური დასავლელი ოფიციალური პირი ეუბნება, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ნება დართო, რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანული წარმოების შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს. მიზეზად რუსეთის მიერ კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებისგან შემდგარი ბატალიონების განლაგება სახელდება. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, როგორც Telegram-არხი Rybar წერს, ბრიტანული Storm Shadow რაკეტების ნამსხვრევები კურსკის ოლქში იპოვეს, ხოლო 2 ასეთი რაკეტა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  კრასნოდარის მხარეში, იეისკის თავზე ჩამოაგდეს. ინფორმაცია დადასტურებული არ არის. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.

მაღალჩინოსნების თქმით, სავარაუდოდ, უკრაინა ასეთი ტიპის შეიარაღებას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების დასაცავად რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს, თუმცა, ბაიდენმა შესაძლოა, მათ გამოყენებაზე ნებართვა რუსეთის სხვა წერტილებზეც გასცეს.

ამასთანავე, გამოცემასთან მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვის პასუხად მიიღო.

კომენტარები