ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კადიროველების სპეცრაზმ ახმატის რიგებში შემავალი 1-ელი მოიერიშე ბატალიონი, რომელიც თავდაპირველად კსკ ვაგნერის ერთ-ერთ ყოფილ მეთაურს, ალექსანდრ კუზნეცოვს, ზედმეტსახელად რატიბორს ექვემდებარებოდა, მუდმივ ცვლილებებშია.
ჯგუფის ტელეგრამ არხის სახელში თავდაპირველად სიტყვები "1-ელი მოიერიშე დანაყოფი" ფიგურირებდა. შემდეგ, მასთან ერთად, გამოჩნდა ფრაზა "პიტერსკის ბატალიონიც". პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ ამ ჯგუფის მეთაურობა რატიბორმა ჩააბარა ასევე ყოფილ ვაგნერელს, რომელიც პიტერსკის ზედმეტსახელითაა ცნობილი. რამდენიმე კვირის წინ დასახელება შეცვალეს და "1-ელი მოიერიშე დანაყოფი" ამოიღეს. ცვლილების შემდეგ, როგორც ტელეგრამ-არხიდან ჩანდა, ჯგუფი მაინც იყენებდა რატიბორის სიმბოლიკას, შევრონს, რომელზეც გამოსახული იყო სიმბოლო, რომელიც სვასტიკისა და ჯვრის გაერთიანებას ჰგავდა.

17 ნოემბერს პიტერსკის ჯგუფის ტელეგრამ-არხის ფოტო, რომელზეც რატიბორის სიმბოლო იყო გამოსახული, საბოლოოდ გამოცვალეს. მალევე დაწერეს ცნობა, რომ ისინი რატიბორის პირველი მოიერიშე დანაყოფის შემადგენლობაში აღარ შედიან.
"ჩვენ აღარ ვართ პირველი მოიერიშე დანაყოფის შემადგენლობაში, ეს წარსულშია. დიახ, ჩვენ მის შემადგენლობაში ვიყავით, მაგრამ ეს უკან დარჩა. ახლა ჩვენ დამოუკიდებელი ქვედანაყოფი ვართ". – ეწერა ჯგუფის განცხადებაში.
თავად რატიბორი ამჟამად ყოფილი ვაგნერელებისგან დაკომპლექტებული ისტრის ბატალიონის, იგივე ვაგნერის ლეგიონის კურატორია. ის ამ სტრუქტურის სარეკლამო ვიდეოში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მის ფორმაზე ჩანდა შევრონი, რომელზეც "პირველი მოიერიშე დანაყოფი" ეწერა. ჯერჯერობით უცნობია აგრძელებს თუ არა ეს დანაყოფი არსებობას.
რატიბორი 2024 წლის აპრილში 3 000 ყოფილ ვაგნერელთან ერთად შეუერთდა კადიროველების სპეცრაზმ ახმატს, რომელსაც აპტი ალაუდინოვი მეთაურობს.
ვრცლად ისტრის ბატალიონის, იგივე ვაგნერის ლეგიონისა და ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის ბედის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში.





