აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე 27 წლის კეროლაინ ლივიტი დაასახელა.
"კეროლაინ ლივიტმა ფენომენალური სამუშაო შეასრულა ჩემი ისტორიული კამპანიის ეროვნული პრესმდივნის პოზიციაზე და მე მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ იგი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას დაიკავებს. კეროლაინი გამჭრიახია, მტკიცეა და დაამტკიცა, რომ მეტად ეფექტური კომუნიკატორია". - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც გამოცემა The Guardian წერს, ლივიტი ტრამპის ახლო გარემოცვიდანაა.
"ლივიტისთვის გამოწვევა იქნება, მიაწოდოს საზოგადოებას მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაცია, მოიპოვოს რეპორტიორების ნდობა და, ამასთანავე, შეინარჩუნოს ძლიერი ერთგულება ტრამპისადმი". - წერს The Guardian.
ლივიტი ტრამპის ერთგული ქომაგია. მას სხვადასხვა ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი აგრესიულად ხშირად დაუცავს.
ივნისში, CNN-თან საუბრისას ლივიტს ტელეწამყვან ქეისი ჰანთთან კამათი მოუვიდა და CNN-ის ჟურნალისტებს, დენა ბეშსა და ჯეიკ ტაპერს ტრამპისა და ბაიდენის "მიკერძოებული გაშუქება" დასდო ბრალად. ბეში და ტაპერი ტრამპისა და აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო დებატების მოდერატორები იყვნენ.
27 წლის ლივიტი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, რომელსაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე ოდესმე უმუშავია. ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი ლივიტამდე 1969 აშშ-ს 37-ე პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის მიერ დანიშნული 29 წლის რონ ზიგლერი იყო.
ლივიტი, რომელიც ნიუ ჰემფშირში გაიზარდა, ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციაში თეთრი სახლის პრესმდივნის ასისტენტი 2017-2021 წლებში იყო.