NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 12 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართულ შეხვედრაზე დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარების გაწევისკენ მოუწოდა, "რათა კონფლიქტის ტრაექტორია შეიცვალოს".
"ჩვენ გვჭირდება, რომ პუტინისა და მისი გზის მიმცემი ავტორიტარი მეგობრებისთვის [გადასახდელი] საფასური გავზარდოთ უკრაინისთვის ისეთი დახმარების გაწევით, რომელიც მას კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად სჭირდება". - განაცხადა რუტემ.
რუტეს არ განუმარტავს, თუ როგორი ტიპის სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მიწოდებაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა დაამატა, რომ რუსეთის დაახლოება თავის მოკავშირე ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან "ძალიან შემაშფოთებელია".
"რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და ჩინეთთან თანამშრომლობით არა მხოლოდ ევროპას უქმნის საფრთხეს, არამედ მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც ემუქრება, დიახ, აქ ევროპაში, მაგრამ ასევე ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, და ჩრდილოეთ ამერიკაში". - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა გაიმეორა, რომ NATO-სთვის და ასევე იმის პასუხად, რასაც "აშშ-ს ადმინისტრაცია სწორად მოელის", ძლიერი ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტება იგულისხმა.