საქართველო-ევროკავშირი

ბოკუჩავა: EU-ში განიხილება ინდივიდუალური სანქციები და უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი, ამიტომ არ არის საერთაშორისო აღიარება არჩევნების. ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება არჩევნებს, სადაც მოხდა ქართველი ხალხის თავისუფალი ნების უგულებელყოფა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინიც თვლიან, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს სრულფასოვანი და დამოუკიდებელი გამოძიება, რაც შეუძლებელია ქართული პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში.

განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელია ამოქმედდეს და სხვადასხვა საფუძვლები ამ მექანიზმების შექმნისთვის, იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ევროკომისია, ბუნებრივია, ეს არის განხილვის საგანი, თუმცა, ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს.

ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება სხვა მექანიზმების ამოქმედებაც, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იცით, რომ ასევე განხილვის საგანია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება. ეს ბუნებრივია, არ არის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, არამედ, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია ევროკავშირის გზას. იცით, რომ მოთხოვნებში ევროკავშირისგან ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ტოტალურად იყო დარღვეული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპი.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები დღეს იქნებიან აქციაზე, რომელიც გაიმართება 19:00 საათზე იმისთვის, რომ მიმართონ ევროპელ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროპაშია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დღეს რუსთაველზე, 19:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი.

კომენტარები