ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს.
ოპოზიციის წევრების თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე, მის საერთაშორისო გამოძიებაზე, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებასა და უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე,
"ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო [...] ისინიც თვლიან, რომ მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი და დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს [...] იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება ინდივიდუალური სანქციების დაწესება ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ [...] სამწუხაროდ, ასევე განხილვის საგანია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება - ეს არ არის უვიზო მიმოსვლის სრულად გაუქმება. შეიძლება, მისი დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღონ". - თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.
"ისინი სისტემურ გაყალბებასა და გაყალბების ხარისხზე უკვე საქმის კურსში არიან. საუბარი იყო, კონკრეტულად ევროკავშირმა დღეს რა შეიძლება გააკეთოს, რომ ქართულმა ოცნებამ ახალი არჩევნები დანიშნოს და ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება მოხდეს. აგრეთვე, ლაპარაკი იყო კონკრეტული პირების მიმართ სანქციების გამოყენებაზე - ამ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვისი მეთაურობითაც გაყალბება მოხდა. ვისაუბრეთ ყველა მექანიზმზე, მათ შორის საერთაშორისო გამოძიებაზე, რაც რეალურია. საუბარია ეკონომიკურ ზომებზეც [...] საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით მათგან ცალსახა მზაობაა" - თქვა დოლიძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ევროპელი პარლამენტარები ქართველ ხალხს მხარს მტკიცედ უჭერენ.
"ისინი ქართველ ხალხს მხარს მყარად, მტკიცედ და უპრეცედენტოდ უჭერენ. ვითარება ზუსტად ესმით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რა მოხდა. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის მოპარული არჩევნები". - ამბობს ხოშტარია.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე, დღეს დელეგაციის წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.