რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

პუტინმა ჩრდ. კორეასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

Sputnik/Vladimir Smirnov

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

შეთანხმება მოიცავს ორმხრივ თავდაცვის დებულებას - ორივე მხარე ვალდებულია დაეხმაროს მეორეს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. ორივე ქვეყნის ლიდერმა ხელშეკრულებას ხელი ივნისში, ფხენიანში გამართული სამიტის შემდეგ მოაწერა. ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერა.

"თუ რომელიმე მხარე ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა და აღმოჩნდა ომის მდგომარეობაში, მეორე მხარე, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად და თავისი კანონმდებლობის მიხედვით, დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას". - ნათქვამია მასალებში.

ამასთან ერთად, ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ არ გააფორმებენ რომელიმე მხარეს საწინააღმდეგოდ მიმართულ შეთანხმებას მესამე სახელმწიფოსთან. ასევე არ დაუშვებენ მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

შეთანხმების ფარგლებში რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სოფის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და კატასტროფების პრევენციისა და დახმარების სფეროებში ითანამშრომლებენ.

კომენტარები