ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმეზე გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დისკრიმინაციასთან ერთობლიობაში დაადგინა.
სასამართლოს დადგენილებით, მაია ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებაში.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის 4 500 ევროს გადახდა დააკისრა.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი მაია ბაქრაძის მოსამართლედ ხელახალ გამწესებაზე, მიკერძოებული იყო და უმთავრესად სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული შეხედულებების დაფიქსირებასთან იყო დაკავშირებული.
2015-2016 წლებში, 10-წლიანი სამოსამართლო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაია ბაქრაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ 2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მის მოსამართლედ ხელმეორედ დანიშვნაზე.
ბაქრაძის მტკიცებით, ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მოსამართლეთა ერთობაში მისი როლისა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობის თაობაზე კრიტიკული შეხედულებების გამო, შემდეგ კი, ამავე მიზეზით თანამდებობაზე არ აირჩია.
მაია ბაქრაძის საქმე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2020 წელს გაგზავნა.