ლარის კურსი

ლარი ევროსთან გამყარდა, დოლართან კურსი არ შეცვლილა - 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი ევროსთან - 3.89 თეთრით გამყარდა, ხოლო დოლართან კურსი არ შეცვლილა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კვლავ 2.7247 ლარია, ერთი ევროსი - 2.9288 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.93 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. მაშინ სებ-მა თქვა, რომ "ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო". მათი განცხადებით, არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღეს.

16 ოქტომბერს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 64 900 000 აშშ დოლარი. სებ-ის განცხადებით, "სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას". ეროვნული ბანკი წერდა, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება "ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით" მიიღეს.

23 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკი წერს, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება "არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო". სებ-ის შეფასებით, "ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას".

25 ოქტომბერს კი, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ს მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა, აუქციონის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ლარის ვაჭრობის შემდეგ გახდა ცნობილი - ეროვნული ვალუტა 25 ოქტომბერსაც გაუფასურდა.

კომენტარები