კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მისთვის ცნობილი არ არის მიულოცავს თუ არა ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. მან ასევე დაამატა, რომ აშშ "არამეგობრული" ქვეყანაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული.
"რაც შეეხება მილოცვას, ჩემთვის ცნობილი არ არის პრეზიდენტის გეგმები მილოცვასთან დაკავშირებით [...] მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ მაინც არამეგობრულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ჩვენ წინააღმდეგ ომში". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დასმულ კითხვაზე, ხომ არ ეწყინება ტრამპს თუ პუტინი არ მიულოცავს მას გამარჯვებას და ხომ არ გააუარესებს ეს ურთიერთობებს რუსეთსა და აშშ-ს შორის პესკოვმა უპასუხა, რომ "საქმის გაუარესება, პრაქტიკულად, შეუძლებელია".
"საქმის მეტად გაუარესება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, შემდეგი განვითარება უკვე დამოკიდებულია აშშ-ს მომავალ ხელმძღვანელობაზე. პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და ერთმანეთის წუხილის გათვალისწინების სურვილზეა დაფუძნებული. პრეზიდენტი პუტინი ინარჩუნებს ამ დამოკიდებულებას, რომელიც არაერთხელ დაუდასტურებია. ამჟამად, აშშ-ს ადმინისტრაცია აბსოლუტურად საპირისპიროდაა განწყობილი. ვნახოთ, რა იქნება იანვარში".- თქვა პუტინის პრესსპიკერმა.