რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპს ამ მომენტისთვის მიღებული აქვს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.
ტრამპის კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 224 ხმა აქვს მიღებული.
რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე დადასტურებლად 7 მერყევი შტატიდან 4-ში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ვისკონსინში და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა. ხმების დათვლა გრძელდება მიჩიგანში, ნევადაში, არიზონასა და ალასკაში, რომელთაგან ყველაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.
ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, თუმცა, 2020-ში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დღევანდელი ისტორიული გამარჯვებით, ტრამპი გროვერ კლივლენდის შემდეგ ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ გახდა პრეზიდენტი.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოფილა. ჩვენ მივაღწევთ ახალ დონეს, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას განკურნებაში. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. გამოვასწორებთ ჩვენს საზღვრებს და ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დაიწერა, ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომლის მსგავსიც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის , რომ ამირჩიეთ თქვენს 47-ე პრეზიდენტად. თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახისთვის, მათი მომავლისთვის ვიბრძოლებ. თითოეულ დღეს ვიბრძოლებ თქვენთვის, არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევთ, ძლიერ, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა". - თქვა ტრამპმა.