6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბუნდესტაგში ანგარიშს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღის წესრიგის დოკუმენტში წერია.
მანამდე, 11 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორები მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები არიან.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა, თუმცა, მათი განმარტებით, ისინი რეზოლუციის შინაარს იზიარებდნენ, მაგრამ ფრაქციამ წინააღმდეგ ხმა იმის გამო მისცა, რომ სამთავრობო კოალიციის პარტიებმა ტექსტი მათთან ერთად წინასწარ არ განიხილეს.
რეზოლუციაში ბუნდესტაგი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ რუსული კანონი ძალაშია.
"ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ცხრა პუნქტიდან ორს, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფას და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. კანონი სულისკვეთებით შეესაბამება რუსეთის "უცხოელი აგენტების კანონს". - წერია რეზოლუციაში.





