გამოცემა The Wall Street Journal დასავლური სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი აშშ-სა და კანადაში სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებში ცეცხლის გასაჩენად სპეცოპერაციას ამზადებდა.
ივლისში DHL-ის ლოგისტიკის ცენტრებში ორი ელექტრული მასაჟორი მოწყობილობა აალდა - ერთი ლაიფციგში, გერმანიაში, მეორე კი ბირმინგემში, ინგლისში.
WSJ-ის ცნობით, დასავლელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს ორი ფეთქებადი მოწყობილობა ფარული რუსული სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში ჩრდილოეთ ამერიკაში მფრინავ სამოქალაქო თვითმფრინავებზე ცეცხლის გაჩენას ისახავდა მიზნად.
როგორც გამოცემა წერს, გამომძიებლებმა დაადგინეს, თუ როგორ დამზადდა მასაჟორები, რომლებშიც ფეთქებადსაშიში ნივთიერება იყო დამალული.
WSJ წერს, რომ დასავლური სპეცსამსახურების აზრით, ეს ორი მოწყობილობა საცდელი გეგმის ნაწილი იყო, რომლითაც რუსულ სპეცსამსახურებს უნდა გაერკვიათ, როგორ მოახვედრებდნენ ფეთქებად ნივთიერებებს აშშ-სა და კანადისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებზე.
გამოცემის წყაროების მიხედვით, გერმანულმა პოლიციელებმა, რომლებმაც ასაფეთქებელი მოწყობილობების რეპლიკები გამოცადეს, თქვეს, რომ მათი ჩაქრობა თვითმფრინავების სახანძრო სისტემებით რთული იქნებოდა და პილოტებს ავარიული დაშვება მოუწევდათ.
პოლონეთის მთავარი პროკურატურის თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით საბოტაჟში ან უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ ტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს.
"ჯგუფის მიზანს ასევე წარმოადგენდა ასეთი ამანათების გადატანის არხის გამოცდა, რომლებიც საბოლოოდ აშშ-ში და კანადაში უნდა გაეგზავნათ". - თქვა პროკურატურის ადმინისტრაციამ.
პოლონეთი სხვა ქვეყნებთან ერთად თანამშრომლობს, რათა, სულ მცირე, კიდევ ორი ბრალდებული იპოვოს.
პოლონეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, პაველ შოტამ თქვა, რომ დამნაშავეები რუსი ჯაშუშები იყვნენ და ასეთი თავდასხმა, განხორციელების შემთხვევაში, დასავლეთის წინააღმდეგ მოსკოვის კამპანიის მნიშვნელოვანი ესკალაცია იქნებოდა.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის პოლიტიკური ლიდერები აცნობიერებენ შედეგებს, რომლებიც ერთ-ერთი ასეთი პაკეტების აფეთქების შედეგად მასობრივ მსხვერპლს მოჰყვებოდა". - თქვა შოტამ.
პოლონეთს დაკავებული 4 პირის ვინაობა არ დაუსახელებია და ინფორმაცია არც მათი მოქალაქეობის შესახებ არ გაუვრცელებია.
გაერთიანებული სამეფოში ჯერ არავინ დაუკავებიათ და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოძიება მიმდინარეობს.
გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა კანონმდებლებთან მიმართვისას თქვა, რომ ფრენის გადადების გამო არავინ დაშავებულა, რაც „იღბლიანი დამთხვევაა“ და თვითმფრინავში შეიძლება ცეცხლი გაჩენილიყო.
კრემლი ბრალდებებს უარყოფს. WSJ-მ კომენტარისთვის კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს მიმართა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ჩართულობის შესახებ „ოფიციალური ბრალდებები არასდროს გაუგიათ“ და „ეს მედიის მხრიდან ტრადიციულად დაუსაბუთებელი ინსინუაციებია“.