ოპოზიციის დაანონსებული აქციის მონაწილეებმა სადგურის მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. 3 ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს პროტესტის გეგმასთან დაკავშირებით.
ხვალ, 14:00 საათზე სამი ოპოზიციური კოალიცია მსვლელობას სპორტის სასახლიდან გამართავს. ერთიანობა-ნაცოონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ "ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა".
"ვიცით, რომ შუადღის ორ საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არ არის ჩვენი, სამშობლო არის ჩვენი 24/7-ზე, ამიტომ, გთხოვთ, ხვალინდელი დღე ყველამ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან" - აღნიშნა ვაშაძემ და აქციის მონაწილეებს მთავარი პრინციპები გააცნო, რაზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ.
"იცოდეთ, რომ მნიშვნელოვნად და კარგად გვაქვს გააზრებული, რა ბრძოლაში შევდივართ, ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მივუდგეთ სისტემურად, ორგანიზებულად, ისე, რომ იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც გამარჯვების დიდი შეტევა უნდა განვახორციელოთ, ეს გამარჯვება გარანტირებულად ვიზეიმოთ ყველამ.
1 ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას;
2 არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას;
3 დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში;
4 ყოველი მომდევნი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული
5 ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი
6 ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიბა და გთხოვთ, გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად შევასრულოთ, იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ
7 ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ჩვენი, ყველას ერთად გასაკეთებელი საქმე
8 ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ" - განაცხადა ვაშაძემ.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის თქმითვე, ნომერ პირველი სამიზნე, ხელისუფლებასთან ერთად, არის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
"ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ ფარულობა არის დარღვეული და არჩევნები მიიტაცეს" - ამბობს გიორგი ვაშაძე.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს იქამდე სანამ "ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და დამარცხდება". მელია ამბობს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს თბილისის მოედნებზე, გამზირებზე და არამხოლოდ რუსთაველზე.
"ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური, ერთი რიგითი კალენდარული დღე არ ჩაივლის პროტესტის გარეშე ქუჩებში და საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში [ეს შეიძლება] გადაიზარდოს მძლავრ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს...
[...]ყოველდღე ვიქნებით ქუჩაში, ზოგჯერ ვიქნებით ძალიან ბევრნი, ზოგჯერ იმაზე ბევრნი, მაგრამ ერთ რიგით კალენდარულ დღეს უახლოეს პერიოდში იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ, ყველა მოედანზე და ყველა ხიდზე, რომ თბილისი იყოს სავსე ხალხით, სიცოცხლით, მართალი ადამიანების ხმით.
ხვალ, დღის ორ საათზე ჩვენ სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ხვალ, ორ საათზე ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან და გავმართოთ ყოველდღიური, დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ, ამაყ და მართალ ადამიანს ეკადრება" - თქვა მელიამ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ მათ არ უნდა დაუშვან პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ქუჩაში, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის.
[...] რეალობა არის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და ევროპულმა მომავალმა, თქვენ ხართ გამარჯვებული ხალხი, ეს შენობა და მთელი ძალაუფლება ამ ქვეყანაში გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ, ფიზიკური ძალით არ გაძლევენ. ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი არანაირი გეგმა არ არსებობს, სინამდვილეში წინ არის ძალიან მოკლე ვადები - ერთი ვადა არის 21 ნოემბერი, ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი უნდა დაარატყას ივანიშვილის რიცხვებს, მანამდე ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამ ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარედან ჩვენი მეგობრენი უნდა დაგვეხმარონ, რომ სახე უნდა აეხეს ყველას, ვინც ამ გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ და აქაც უნდა გაეცეთ პასუხი.
მაგის მერე რჩება კიდევ პატარა ვადა, ეს არის ათდღიანი ვადა, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ, ეგ არ უნდა დავუშვათ, ეგ ყველას გასაკეთებელია, თქვენ, ეს ხალხი, ვინც აქ დგახართ, ხართ ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი, მაგის იქით არაფერი აღარ არის, თქვენ უკან აღარავინ აღარ არის, ჩვენი ერთად გასაკეთებელია ეს, მოგვიწევს ბრძოლა, მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის იყავით მზად, მეორედ არავინ არ დავიბადებით ამ ქვეყანაში" - თქვა ჯაფარიძემ.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის თქმით, ქართული ოპოზიცია მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიტანოს.
"მეგობრებო, ყველას ვინც აქ ხართ, ყველას ვინც აქ, დღეს ვერ მოვიდა და შორიდან გვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ სრულიად ქართული ოპოზიცია მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიტანოს და თუ ქართველი ხალხი ერთად დავდგებით, ვერავინ ვერ გვაჯობებს, ვერც იმპერია ბოროტების და ვერც მათ აგენტურა აქ, ამ ქვეყანაში. ჩვენს უკან არის დიდი უფსკრული და ჩვენ არ მივცემთ საშუალება ქვეყანა გადაჩეხონ ამ უფსკრულში, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ისევ და ისევ სიმამაცე და რაც მთავარია ერთიანობა, ყოველმხრივ შეეცდებიან, რომ დათესონ უიმედობა ამ ქვეყანაში, მეტი სიძულვილი, მეტი პოლარიზაცია, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამას, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ქართველი ხალხის, იმისთვის რომ, გამარჯვება, რომელიც ჩვენ ამ არჩევნებზე მივიღეთ, მივიყვანოთ საბოლოო გამარჯვებამდე და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, იმ ძალებისგან, რომლებსაც ჩვენი სამშობლო მიჰყავს უფსკრულისკენ. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის საჭირო, ნუ შევშინდებით და უიმედობა ნუ მოგიცავთ, თუ ვიბრძოლებთ გავიმარჯვებთ, თუ ფარ-ხმალს დავყრით დავმარცხდებით, ისევე, როგორც დიდმა დავითმა უთხრა თავის მეომრებს, ჩვენს უკან გზები უნდა ჩავხერგოთ, იმიტომ რომ, ჩვენს უკან დასახევი გზა არ არის" - თქვა ბაქრაძემ.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, უნდა იარონ უბან-უბან, კარდაკარ და დაარწმუნონ საზოგადოება, შეუერთდნენ მათ.
"სულ მეკითხებიან, რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა - გეგმა ვართ ჩვენ, ჩვენ გავიმარჯვეთ გაყალბებისდა მიუხედავად, გავიმარჯვეთ თბილისში და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს, ჩვენ უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, თვალებში ჩავხედოთ ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს და ვუთხრათ, გამოდი, შემომიერთდი, იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა" - თქვა ხაზარაძემ





