პერემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას, რადგან არჩევნების გაყალბების არავითარი ფაქტი არ აქვს.
"გამოძიება წარიმართება და თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ხედავთ, რომ საჯაროდ მათ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა. თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით.
[...] კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, წარადგინოს მტკიცებულებები პროკურატურაში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. სალომე ზურაბიშვილი, მართალია, სულით და გულისთ არის ენჯეოშნიკი, თუ ენჯეოშნიცა, მაგრამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. [...] მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს არავითარი ფაქტი, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას" - თქვა კობახიძემ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. პროკურატურის ცნობით, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით 30 ოქტომბერს მიმართა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია. ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, "ითანამშრომლოს გამოძიებასთან" და მიაწოდოს მის ხელთ არსებული "საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია".





