არჩევნები 2024

ისკანდაროვი: ემოცია ვერ მოვთოკე და მოვათავსე ბიულეტენები ყუთში – იყო ოპოზიციის პროვოკაცია

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა - ისკანდაროვის პოსტს გამოცემა რადიო მარნეული ავრცელებს. 

"მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას!

ეს გახლავთ ცილისწამება,თითქოს მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით,საარჩევნო უბანზე,ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში!რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

ფაქტი კი იყო შემდეგი :

როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი,მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა,რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და "ქართული ოცნების" პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტინის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტინები ეჭირათ მათ(ოპოზიციის წარმომადგენლებს)ხელში,რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.

მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტინები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია" - წერდა ისკანდაროვი [სტილი დაცულია]. 

26 ოქტომბერს მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად გამოცხადდა. 

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ბიულეტენებს ყრიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაყალბების მუხლით დაიწყო. 

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 164³ მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს. 

კომენტარები