ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ოპოზიცური პარტიების განცხადებებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე გამოეხმაურა.
კალანდარიშვილს უსაფუძვლოდ მიაჩნია ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესაძლო დუბლირებაზე.
აქამდე, კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გააციფრულა და სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, დუბლირებულად ჩაამატა.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები.
"26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000 აპარატი, საიდანაც 20 გამოვიდა მწყობრიდან - ამის მიუხედავად, ხმის მიცემის შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არცერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის ტრადიციულ პრაქტიკაზე გადასვლის საჭიროება.
ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნის თანავე საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის - მათ შორის, ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოსდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ როდესაც, სიები სრულად აუდიტირებული იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის". - თქვა კალანდარიშვილმა.
კოალიცია ცვლილებისთის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო გადატრიალებაში ადანაშაულებს.





