ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკოს თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჩართვა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას შეუწყობს ხელს

ალექსანდრ ლუკაშენკო
AP

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოცემა BBC-სთან ინტერვიუში ილაპარაკა და ჩრდილოეთ კორეის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ჩართვის ინფორმაციას სისულელე უწოდა.

"სისულელეა, ეს იქნება სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია. პუტინის ხასიათიდან გამომდინარე ის არასდროს ეცდება რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართვაზე დაითანხმოს, მითუმეტეს ფრონტის ხაზზე. ამის არ მჯერა, პუტინის ხასიათი ვიცი. რუსეთს სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად საკმარისი რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეის ამბავი დადასტურდა NATO-ს ომში ჩართვის საბაბი ექნება:

"თუ ჩრდილოთ კორეა ჩაერთო ომში, ეს იქნება გზა ესკალაციისკენ. რატომ? იმიტომ რომ თქვენ, ანგლო-საქსები, მომენტალურად იტყვით, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთო კონფლიქტში, შესაბამისად NATO უკრაინაში ჯარს გადასხამს". 

ჟურნალისტის შეკითხვას უცდია თუ არა ვლადიმირ პუტინს ბელარუსის კონფლიქტში ჩართვა ლუკაშენკომ ასე უპასუხა:

"არასდროს. არც მას, არც სერგეი შოიგუს (რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) და არც ანდრეი ბელოუსოვს (რუსეთის თავდაცვის მოქმედი მინისტრი) მსგავსი საკითხი არ დაუყენებია".


24 ოქტომბერს რუსეთის დუმამ ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის კანონის რატიფიცირება მოახდინა. ახალი კანონი ქვეყნების ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის სამხედრო დახმარებას გულისხმობს.

"თუ რომელიმე მხარე აღმოჩნდება სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ შეიარაღებულ თავდასხმის ქვეშ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, 51-ე მუხლის შესაბამისად". – წერია კანონში.

კანონი დუმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რატიფიცირებისთვის მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს წარუდგინა.

ვლარიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 19 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს მოაწერეს. 

როგორც სამხრეთკორეული გამოცემა რენჰაპი წერს, პუტინისა და კიმის შეთანხმება 1961 წელს ჩრდილოეთ კორეისა და სსრკ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას იმეორებს.

მედიების ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს აწვდის, რომლებიც უკრაინის ომში გამოიყენება.

14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ "კორეა პრაქტიკულად ომში ერთვება".

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ სავარაუდოდ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში იმყოფებიან.

კომენტარები