გერმანია

გერმანიაში ხანგრძლივი გამოძიებისა და რეიდების შედეგად საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად მასობრივი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეიდების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ამანათები, რომლებიც ნაქურდალი ნივთებით იყო შევსებული.

როგორც გერმანული მედია წერს, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ჰამბურგსა და ბერლინში ჯამში ექვსი ობიექტი გაჩხრიკეს და თორმეტი ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კრიმინალური ჯაჭვის მთავარი ობიექტი ქალაქ როიტლინგენში მდებარეობდა.

რეიდები ორ საცხოვრებელ სახლში, სამ საწყობსა და კიდევ ერთ დამატებით ობიექტზე ჩატარდა, ოპერაციაში გერმანული პოლიციის 200-მდე ოფიცერი მონაწილეობდა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, ორმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა, რომელთა ასაკიც 27-დან 54-წლამდე მერყეობს, გერმანიაში დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, რათა მოპარული ნივთები სხვა ქართველებისგანაც მათ მიეღოთ და შემდეგ იტალიასა და საქართველოში გაეგზავნათ.

Spiegel-ის ინფორმაციით, გამოძიება 2022 წლის თებერვალში ქალაქ დეგენდორფში დაიწყო. ადგილობრივი პოლიციები ქართველების და ქართული წარმოშობის ადამიანების საქმიანობას იძიებდნენ და ეჭვი ჰქონდათ ორგანიზებულ ჯგუფურ ქურდობაზე. დაკავებულები ბრალდებულნი არიან ქურდობასა და ძარცვაში ბავარიის მხარის ტერიტორიაზე.

საქმის მთავარი ეჭვმიტანილი კი 54 წლის ქართველი მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთი ქართული საფოსტო კომპანიის კონტრაქტორია. გამოძიების ცნობით, ის პასუხისმგებელი იყო ამანათების გერმანიიდან საქართველოში გაგზავნაზე. ამ მიზნით, მას დაქირავებული ჰყავდა კურიერები და საკურიერო ავტომობილები. 2023 წლის მარტიდან კი ის გერმანიაში მიღებულ ამანათებს პირდაპირ როიტლინგენიდან საქართველოში აგზავნიდა.

გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ამანათების გაგზავნის ბიზნესი, რომელიც ლეგალური იყო, ამავდროულად გამოიყენებოდა მოპარული ნივთების საქართველოში გასაგზავნად. მათ შორის, ველოსიპედების, მობილური ტელეფონების, სხვადასხვა ტიპის ტექნიკისა და ა.შ.

კომენტარები