ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის "სამოქმედო გეგმა" დაასახელა.
ოცნების აღმასრულებელი მდივანის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები არჩევნების დისკრედიტაციის "სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს განიხილავენ", ხოლო 26 ოქტომბერს, "აგენტურული ოპოზიციის" წარმომადგენლები, გაფრთხილებულები იქნებიან ე.წ. "გამწვანებული მოქმდებების" შესახებ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ განიხილავს:
- ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერას.
- ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვას.
- პარტიული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმას.
- საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნას.
- ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებას.
- ბიულეტენების მოპარვას და გადაყრას.
- საარჩევნო უბნებზე "მეორედ შესვლას და ამაზე ხმაურის ატეხვას".
- ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობას.
- "საჯაროდ დემონსტრირებას ისეთი ფოტოების, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღების კონტროლით, ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა".
- ფოტოების გავრცელება, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული.
- საკუთარი ხელით გადაკეცილი ბიულეტენების გადაღება, რომ თითქოს კონტროლდება ვინ ვის მისცა ხმა.
მისი თქმით, ეს სრული ჩამონათვალი არ არის.





