საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის თანახმად, 26 ოქტომბრისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება "იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის".
TI-ს ცნობით, მთავარ გამოწვევებს შორისაა:
- გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე რუსული კანონის ნეგატიური გავლენა;
- ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროებისთვის გამოყენება;
- ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება;
- ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება;
- მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები.
"2024 წლის 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დაკვირვებამ შემდეგი მიგნებები გამოკვეთა: სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება რუსული კანონის მიღება:
2024 წლის აპრილში ხელისუფლებამ ხელმეორედ მოახდინა წინა წელს ჩაგდებული საკანონმდებლო ინიციატივის - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის (რუსული კანონის) ინიცირება. ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკიდურესად მწვავე რეაქციების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო. ვენეციის კომისიის შეფასებით, აღნიშნული კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტის შესაბამისი მუხლებით დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.
კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაღი დაასვა საარჩევნო პროცესებსაც. ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა: 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც ცესკოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ცვლილებებმა მმართველ პარტიას მისცა შესაძლებლობა, ფორმალობად ქცეული ხმათა ⅗-ის უმრავლესობის ჩავარდნის შემთხვევაში, 76 ხმის უმრავლესობით, მაშასადამე მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ და ოპოზიციის აზრის გაუთვალისწინებლად აერჩია ცესკოს თავმჯდომარე და სხვა, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები. აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს მწვავე კრიტიკული მოსაზრებები და მთელი რიგი რეკომენდაციები ჰქონდათ გამოთქმული, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი არ გაითვალისწინა გენდერული კვოტის გაუქმება: 2024 წლის აპრილში განხორციელებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. ამ შემთხვევაშიც იყო გამოყენებული პრეზიდენტის ვეტო, რომელიც პარლამენტმა ამჯერადაც დაძლია. საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც, ვენეციის კომისიის კრიტიკა მოჰყვა, დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მიღებული.
ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოება: 2024 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ რამდენიმე ცვლილება შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რითაც ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა. კერძოდ, პარტიის მიერ გარკვეული ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. გარდა ამისა, ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, გამოითხოვოს ნებისმიერი პირისგან ნებისმიერი, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებისა და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
დელეგატების ინსტიტუტის შემოღება: 2024 წლის მაისში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, პარტიას მიეცა უფლება, საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად გაამწესოს. ამ ცვლილების მიზანი ის არის, რომ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების იდეა ახლა უკვე ე.წ. დელეგატებით იქნეს ჩანაცვლებული.
საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა: 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება. ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. მანამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა.
მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში მხილებული "ხარებას" ამოქმედება თითქოსდა არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: 2024 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ - ე.წ. "ტერიტორიული ჯგუფები". ამ ჯგუფების დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი. აღნიშნული ჯგუფები შეიძლება ამოქმედდნენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც კენჭისყრის შენობასთან "ხალხის ნაკადია".
საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა: მთლიანობაში, საარჩევნო წელს ხელისუფლების აქტიური საკანონმდებლო პოლიტიკა მანამდე არსებული საკანონმდებლო სტანდარტების გაუარესების მიმართულებით უხეშად არღვევს აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტს, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობა სტაბილური უნდა იყოს და, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში, ხშირ ცვლილებებს არ უნდა ექვემდებარებოდეს. აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტების უკანონო გადაწყვეტილებები: წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისადმი ლოიალობით თავი გამოიჩინეს ე.წ. დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა - ანტიკორუფციულმა ბიურომ და კომუნიკაციების კომისიამ, რომელთა გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ ხელისუფლების დავალებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების შევიწროებისკენ იყო მიმართული.
ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო გადაწყვეტილება: 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა გამოსცა გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და მისი აღმასრულებელი დირექტორის - ეკა გიგაურის მიმართ, რომლითაც ორგანიზაციაც და მისი ხელმძღვანელიც ცნობილ იქნენ "გაცხადებული საარჩევნო მიზნების" მქონე სუბიექტებად. თავის გადაწყვეტილებაში ბიუროს უფროსმა არსებითად გადააკეთა ორგანული კანონის ნორმები, რადგან ფაქტობრივი გარემოებები მას ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობას არ აძლევდა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის საჯარო დავალებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა. ამის მიუხედავად, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში ხელი მაინც შეეშალა, რადგან ორგანიზაცია, იმის ნაცვლად, რომ სადამკვირვებლო მისიის საკითხებზე მუშაობით ყოფილიყო დაკავებული, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო კონცენტრირებული.
კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროება: აგვისტოდან დაწყებული, სექტემბრის და ოქტომბრის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ, სხვადასხვა მოტივებით, არაერთხელ ცნო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები - მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი სამართალდამრღვევებად, რასაც შედეგად სასამართლოების მიერ აღნიშნულ მაუწყებლებზე საკმაოდ მძიმე ჯარიმების დაკისრება მოჰყვა.
კომისიის რეპრესიული გადაწყვეტილებების მიზეზი გახდა სარეკლამო ვიდეო რგოლების მეშვეობით ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა; რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ასახვა; ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობა, რომელშიც არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აღნიშნული მაუწყებლების უარი ქართული ოცნების კიდევ ერთი სარეკლამო რგოლის განთავსებაზე, რომელშიც მმართველი პარტია უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებდა და რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების განადგურებას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა; პარტიისთვის გახარია საქართველოსთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და სხვ.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ: წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ აქტიურობდნენ სავარაუდოდ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ხელს უშლიდნენ მათ ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. კერძოდ, ასეთი თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ პარტიების ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ ასევე ორჯერ ჰქონდა ადგილი პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობას და უკანონო დაკავებას.
ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება: კვლავ იჩინა თავი ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით - მათ შორის, მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით და შესრულებით ზემოქმედების ფაქტებმა. ამ მეთოდებზე ორი წლის წინ იუწყებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება თავიანთ ერთობლივ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის - იოსებ გოგაშვილის მხილებას ეყრდნობოდა.
საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა: 2024 წლის 12 ოქტომბერს ტვ პირველის საგამოძიებო გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი გავიდა სიუჟეტი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვა საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებული კერძო კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საიდუმლო სიების შესახებ, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ ავალებენ და აიძულებენ საჯარო მოხელეებს, შეაგროვონ და მმართველ პარტიაში გადააგზავნონ მათი პირადი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები არჩევნებზე ამ პირების მიერ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
აჭარის ათიათასობით მკვიდრის პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა: 15 ოქტომბერს გაზეთმა ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ასევე ასახულია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების 2022 წლის ანგარიშში აღწერილი დანაშაულებრივი სქემების დამადასტურებელი არაერთი ფაქტი.
სტატიის თანახმად, ქართული ოცნება პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს გარემოება ინფორმირებული პირის მიერ ბათუმელებისთვის მოწოდებული დოკუმენტებით დასტურდება.
ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ: წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური ცილისმწამებლური და სიძულვილის კამპანია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ. ამ მხრივ, გამოირჩა ქართული ოცნების სარეკლამო რგოლი, რომელიც არაეთიკურ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში წარმოაჩენს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ლიდერს. გარდა ამისა, ოქტომბერში ანონიმური ავტორის მიერ, რომელიც სავარაუდოდ ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, შეიქმნა ახალი ვებგვერდი, სახელწოდებით USAმშობლო, რომელიც თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობა საბიუჯეტო ღონისძიებებში: საანგარიშო პერიოდში ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის რამდენიმე სახეობის გამოყენების ტენდენცია დაფიქსირდა. წინა არჩევნების მსგავსად, მათ შორის, აღსანიშნავი იყო მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელსაც მათი, როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების აგიტაციის სახე ჰქონდა.
ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ ავლენდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არარსებობას. როგორც წესი, მუნიციპალიტეტი, რომელიც აორგანიზებდა ამა თუ იმ ღონისძიებას (ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნა, ადგილობრივი დღესასწაული, რაიმე სახის დაჯილდოება), მასში ასპარეზს უთმობდა ქართული ოცნების პარლამენტის წევრობის საჯაროდ გაცხადებულ კანდიდატებს, რომლებიც, ამავე დროს, რომელიმე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებიც იყვნენ.
ქართული ოცნების კანდიდატების ასეთ შეხვედრებზე მონაწილეობა, როგორც წესი, მათ ამ ღონისძიებების მთავარ მოქმედ პირებად აქცევდა: ისინი სიტყვით მიმართავდნენ მოსახლეობას, უშუალოდ ხსნიდნენ რომელიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს, არიგებდნენ ჯილდოებს და ა.შ. შედეგად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებები გამოყენებული იყო მმართველი პარტიის საპარლამენტო კანდიდატების აგიტაციის მიზნებისთვის. დღემდე ჩვენ მიერ ათამდე ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მსგავს მოვლენას კიდევ ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში: ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებზე გავრცელებული ხასიათი ჰქონდა საჯარო მოსამსახურეების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზებას. რადგან ისინი, ამა თუ იმ ფორმით, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირები არიან, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ისინი საკუთარი ნების გარეშე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში.
ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვის: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ივლისიდან დღემდე საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების თორმეტი სხვადასხვა ტიპის მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომლებიც სახელმწიფო და მუნიციპალური საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად წაშლილია ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ასეთი ინიციატივები გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე სარგებელს აძლევს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ქართულ ოცნებას. ამგვარი ხარჯვის მაგალითებია საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, "წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის" მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყო 250 000 ლარი;
საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი განკარგულება, რომლითაც მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 20 მილიონი ლარი ადგილებზე განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად; აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებები სოციალურად დაუცველი ოჯახების, მეფუტკრეების, ტყუპი შვილების ოჯახების დასახმარებლად და სხვ." - წერს TI.





