სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, უწყებამ "ყალბ ჩანაწერებზე" განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა.
"ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ იმ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს... სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში" - ამბობს ლილუაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, "პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას".
სუს-ის განცხადებით, "ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება".





