ავსტრალიამ 16 ოქტომბერს დაადასტურა, რომ $164 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას 49 ერთეული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებიც გადაეცემა.
ეს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ცალკეული მოკავშირე ქვეყნის მხრიდან უკრაინისთვის ტანკების გადაცემის ყველაზე დიდი შემთხვევაა.
ავსტრალიური მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პეტ კონროი უკრაინელ კოლეგას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფორმალურად ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, აცნობებს.
მანამდე, გამოცემა Kyiv Post წერდა, რომ ავსტრალიის მხრიდან უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის თაობაზე ბაიდენის ადმინისტრაციასთან დისკუსიები მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის 31 M1A1 Abrams-ის უკვე გადაცემული ჰქონდა, ავსტრალიას ამერიკის თანხმობა ამ საკითხზე მაინც ესაჭიროებოდა, რადგან ტანკები აშშ-ს იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციების (ITAR) დაქვემდებარებაში იყო.





