იტალიასა და ალბანეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მიგრანტთა პირველი ჯგუფი ალბანეთში, ქალაქ შენგინის ყოფილ სამხედრო-საზღვაო პორტში შევიდა.
მიგრანტთა პირველი ჯგუფი 16 ადამიანისგან შედგება, რომლებიც იტალიაში ჩასვლას ლიბიიდან, ნავებით ცდილობდნენ.
იტალიის საზღვაო ძალების ხომალდ ლიბრას ალბანურ პორტში იტალიელი ოფიცრები დახვდნენ. პორტში მიგრანტებს შეამოწმებენ, შემდეგ კი სოფელ გიადერში გადაიყვანენ, სადაც დოკუმენტების გაფორმების დასრულებამდე დარჩებიან. თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ კვლავ იტალიაში წაიყვანენ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი სამშობლოში დააბრუნებენ.
რომსა და ტირანას შორის შემდგარი შეთანხმების ფარგლებში ალბანეთში მიგრანტთა დროებითი განთავსების ორი ცენტრი გაიხსნა.
იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის თქმით, მიღწეული შეთანხმების შედეგად, იტალია ერთგვარ "მოდელად" იქცა, როდესაც საქმე არალეგალურ მიგრაციას ეხება.
მელონის თქმით, იტალიის მიგრაციულმა პოლიტიკამ არაერთი დასავლელი ლიდერის ინტერესი გამოიწვია და ის მიესალმება ამ ინტერესს, "როგორც პრაგმატიზმისა და ეფექტურობის დასტურს, რომლითაც გამოირჩევა იტალიის ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ".