მთავარი არხი განცხადებით ეხმიანება სამთავრობო მედია რუსთავი 2-ის მტკიცებას, რომ ტელეკომპანიაში "შავი სალაროს" მეშვეობით, სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მილიონები მოძრაობს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად მთავარი არხი ზარალდება. მათივე მტკიცებით, ეს სქემა არხის ერთ-ერთმა დირექტორმა, გოგი ქურდაძემ "გაშიფრა" და მათ სწორედ ქურდაძის საჩივარი "ჩაუვარდათ ხელში".
მთავარი არხი განცხადებაში წერს, რომ მათ არასდროს განუხორციელებიათ უკანონო ტრანზაქცია და ქურდაძის "გამოგონილი ბრალდებები" არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათი მაუწყებლობის შეწყვეტის მიზანს ემსახურება.
"ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, მთავარ არხზე ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას.
პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ მთავარ არხს არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.
სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოცნების რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.
გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.
ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ ქართული ოცნება მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას". - წერს ტელეკომპანია.
გუშინ, 15 ოქტომბერს რუსთავი 2-მა დაწერა, რომ მათ "ხელში ჩაუვარდათ" გოგი ქურდაძის მიერ დაწერილი, ეროვნულ ბანკში შეტანილი, 11 ოქტომბრით დათარიღებული საჩივარი, "სადაც ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია".
სამთავრობო მედიის მტკიცებით, საქმე ეხება საეჭვო ტრანზაქციებს პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულს, მათ შორის, 8.5 მილიონ დოლარს.





